იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურის ფონდში განთავსდა

ქართველი მოღვაწის, იოანე ზოსიმეს მიერ შექმნილი და მის მიერვე აკინძული ხელნაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ძალისხმევით იქნა შეძენილი, საქართველოში დღეს ჩამობრძანდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წმინდა ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ასევე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გადაეცა და სამუზეუმო სტანდარტებისა და პროცედურების სრული დაცვით მუზეუმის ოქროს ფონდში დაბინავდა. მუზეუმის ფონდში განთავსებისთანავე დაიწყო შესაბამისი პროცედურები, რის შემდეგაც იგი აღირიცხება შემოსულობათა წიგნში და მიენიჭება სამუზეუმო ნომერი.
„ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემამდე ხელნაწერი საქართველოს საპატრიარქოში გადააბრძანეს, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ბაღათურია, მთავრობის წევრები და ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხელნაწერმა ეროვნულ მუზეუმში ბედიის ბარძიმის გვერდით დაიდო ბინა ქრისტიანული საგანძურის (ოქროს ფონდის) ექსპოზიციაში, სადაც ასევე გამოფენილია ხახულის ხატი, ანჩის ხატი, თამარ მეფის ჯვარი, წილკნის ხატი და სხვა სიწმინდეები.
საზოგადოებას საშუალება ექნება, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ნახოს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ყოველდღე, ორშაბათის გარდა. მის.: შოთა რუსთაველის გამზ. №3.
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა კრისტის აუქციონზე შეიძინა პალიმფსესტი, Codex Sinaiticus Rescriptus-ი, შედგენილი არამეულ და ქართულ ენებზე, რომლის ქვედა ფენა დათარიღებულია V-VII საუკუნეებით, ხოლო გვიანდელი ფენა თარიღდება 979 წლით და შესრულებულია იოანე ზოსიმეს მიერ. აღსანიშნავია, რომ ეს მისი ერთადერთი ხელნაწერია საქართველოში და მას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს, ასევე ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევისათვის.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო კვლავ დიდ მადლობას უხდის ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ამ ეროვნული და ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებისთვის. ეს არის განსაკუთრებული მოვლენა საქართველოსა და ქართული კულტურის ისტორიაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები