შალვა პაპუაშვილი: დღეს გვყავს პრეზიდენტი, ვინც არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას
სალომე ზურაბიშვილი ჩართულია პირდაპირ წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა ეს მისთვის უჩვეულო ნაბიჯი არ არის, ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ ის ზოგადად უდიერად ეპყრობა საქართველოს კონსტიტუციას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ უპირველეს ყოვლისა გავურბით იმას, რომ ვინმეს ხელი შევუწყოთ კონსტიტუციის დარღვევაში. რასაც აკეთებს ქალბატონი სალომე, ეს არის კვლავ კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა. ის ჩართულია პირდაპირ წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა ეს მისთვის უჩვეულო ნაბიჯი არ არის, ვინაიდან ჩვენ შეჩვეული ვართ იმას, რომ ის ზოგადად უდიერად ეპყრობა საქართველოს კონსტიტუციას. მან გუშინ კვლავ განაცხადა, რომ ის არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმაციას, სიტყვა-სიტყვით ეს თქვა მან და მათ შორის ისაუბრა სხვადასხვა ინსტიტუტზე. არ ვიცი, ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ ჩვენ ფაქტობრივად ამ პოზიციაზე გვყავს ადამიანი, რომელიც არ აღიარებს ჩვენს სახელმწიფოს და შეგახსენებთ, თავის დროზე, როდესაც იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობდა, თუ რამდენად ჩართული იყვნენ უცხოელი ავტორები იმაში, რომ ქალბატონი სალომეს იმპიჩმენტი არ განხორციელებულიყო. პირდაპირ ევროკავშირის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები, დიპლომატები, პოლიტიკოსები, პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ საქართველოს პარლამენტზე, რომ იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაეჭირათ და ამბობდნენ, რომ ეს დეპოლარიზაციისთვის იქნებოდა ცუდი. შესაბამისად, ვნახეთ ჩვენ ბოლოს, რომ მიხეილ სააკაშვილის წყალობით, ეს იმპიჩმენტი არ შედგა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეინარჩუნა ქალბატონი სალომე ამ თანამდებობაზე და დეპოლარიზაციას მისი მხრიდან მე ცოტა ნაკლებად ვხედავ. პირიქით, უფრო მეტად და უფრო კიდევ გაბედულად არღვევს კონსტიტუციას, ვინაიდან აქვს პირდაპირი ჯავშანი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს შიდა პოლიტიკაში და მათ შორის, პარლამენტის საქმიანობაში ერევიან უცხოელი აქტორები და ამ შემთხვევაში ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელი პირდაპირ ერევა პარლამენტის საქმიანობაში, ეს აზიანებს ჩვენს ქვეყანას. სამწუხაროდ, მათმა პოზიციამ, მათ შორის იმოქმედა ალბათ არასამთავრობო ორგანიზაციების, თუ პარტიების ზოგიერთ ნაწილზე, რომლებიც ხედავდნენ, რომ ახლა თუ ევროკავშირი წინააღმდეგია იმპიჩმენტის, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ რა თქმა უნდა წინააღმდეგი გამოსულიყვნენ და გახსოვთ მაშინ, ყალბი დასკვნები, რომელსაც აქვეყნებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც იყო ცხადზე ცხადი. ელემენტარული საკითხი იყო, რომ ეს იყო უხეში დარღვევა კონსტიტუციის და ვნახეთ, რომ ამ ჩარევამ ევროკავშირის ზოგიერთი თანამდებობის პირისა და დიპლომატისა, დააზიანა საქართველო, შეიყვანა უფრო პოლარიზაციაში და დღეს ჩვენ პრეზიდენტის თანამდებობაზე გვყავს ადამიანი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ის არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.