შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “კირნათის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე – 1989 წ. დაბადებული ბ.ქ., 1996 წ. დაბადებული ბ.ბ. და 1994 წ. დაბადებული ბ.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას გულისხმობს.