,,უფლებადამცველთა გაერთიანებამ’’ ,,სითი პარკის“ წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა
ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ,,სითი პარკის“ მიერ ავტომობილების საჯარიმოზე გადაყვანა ნორმების დარღვევით ხდება. მჟავანაძის განმარტებით, „სითი პარკის“ ის ამწე საშუალებები, რომლებიც მანქანების საჯარიმოზე გადასაყვანად გამოიყენება, არ არის აყვანილი ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურში როგორც ამწეები, არაა შემოწმებული მათი ჰიდროსისტემები, მზიდი ლითონკონსტრუქციები და ასაწევი ღვედები. ყოველივე იწვევს იმას, რომ მანქანების საჯარიმოზე გადაყვანის პროცესში ადგილი აქვს ავტომობილების არასწორ ტრანსპორტირებას მანქანის ძარაზე აყვანისას, რის შედეგადაც ხდება მათი სიჩქარეთა კოლოფის და სავალი ნაწილების დაზიანება. მჟავანაძის თქმით, “რაშიც იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები“. ამასთან, მჟავანაძის მტკიცებით, ,,სითი პარკის’’ ის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ ავტომობილების აწევასა და ევაკუაციას, არ გააჩნიათ სპეციალური მომზადება და არ აქვთ ავტოამწის მემანქანის მოწმობები.
“მათი ქმედება ეწინააღმდეგება ,,საქართველოს კანონს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 4–ე თავის 18–ე მუხლის 3–ე პუნქტის ბ ქვეპუნქტის, ასევე 5–ე პუნქტის ო–ქვეპუნქტს. აღნიშნული კანონის თანახმად, უნდა ხორციელდებოდეს პერიოდული ინსპექტირება და შემოწმება ამწე მოწყობილობისა, რასაც უწყებრივად ახორციელებს ეკონომიკის სამინისტროში არსებული ,,ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური’’. თუმცაღა ,,სითი პარკის’’ ავტომობილები ამგვარ ინსპექტირებასა და შემოწმებას არ გადიან, რითაც დედაქალაქის მოსახლეობა ზარალდება’’.
,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’ მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დაიწყოს გამოძიება ,,სითი პარკის’’ წინააღმდეგ“,- აცხადებს მჟავანაძე.