ბათუმის სამშობიარო სახლში გარდაცვლილი ქალის საქმეს აჭარის პროკურატურა იძიებს

   ბათუმის სამშობიარო სახლში გარდაცვლილი მზევინარ შაინიძის საქმეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა იძიებს. როგორც “კვირას“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, მოწმეები დაიკითხნენ და გამოძიება ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. 29 წლის მზევინარ შაინიძე ბათუმის სამშობიარო სახლში საკეისრო კვეთის შემდეგ 25 იანვარს გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა საქმის გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით დღეს აქცია გამართეს. მოგვიანებით აქციის მონაწილეები იმ ექიმს შეხვდნენ, რომელმაც მზევინარ შაინიძეს ოპერაცია გაუკეთა. შეხვედრამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. ოჯახის წევრების განცხადებით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ექიმების დაუდევრობა გახდა. მერაბ დიასამიძე ამბობს, რომ მის მეუღლეს საკეისრო კვეთის შემდეგ, მეორე ოპერაცია ოჯახის წევრების ნებართვის გარეშე გაუკეთეს. მედიკოსები აცხადებენ, რომ გარდაცვლილს ჩაუტარდა ექსპერტიზა და მიზეზებს სწორედ ექსპერტიზის პასუხი დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები