შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა შრომის ინსპექციის სამსახურში
მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა შრომის ინსპექციის სამსახურში, – ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი იყო 2022 წელს ჩატარებული ინსპექტირების შედეგები, როგორც უსაფრთხოების ისე უფლებების დაცვის მიმართულებით. საბჭოს წევრებმა შეაჯამეს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2022 წელს გატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები და დადებითად შეაფასეს უწყების საქმიანობა.
ასევე განხილული იყო ახლად დამტკიცებული რეგლამენტი სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ, რომელიც 2023 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.
საბჭოს სხდომას ესწრებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო შრომის ინსპექციის სამსახურის სამომავლო გეგმები.
მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში, საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველის, პროფესიული კავშირების გაერთიანების, დამსაქმებელთა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები შედიან.