“ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება შს სამინისტროსთვის პრიორიტეტია“

   ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება შს სამინისტროსთვის არის პრიორიტეტი – ამის შესახებ შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს უწყებაში სოციალური კამპანიის – “შეიკარი ღვედი”- პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა. “შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი ჯანმრთელობა პრიორიტეტია და ჩვენი სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ანალოგიურ აქციებს თავისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ”, – განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ. შს სამინისტროში სოციალური კამპანიის – “შეიკარი ღვედი” და კამპანიის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ალექსანდრე ჭიკაიძე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ასევე შალვა ოგბაიძე, დავით მესხიშვილი და ვიდეორგოლში მონაწილე ცნობილი სახეები: ივი ბერიკაშვილი, რობი კუხიანიძე, სამორი ბალდე და ანი ტყებუჩავა ესწრებოდნენ. შს სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სოციალურ კამპანიას – “შეიკარი ღვედი” დღეიდან იწყებს. კამპანიის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი ორი კვირის განმავლობაში სატელევიზიო და რადიო ეთერებში, ასევე კინოთეტრებში – “რუსთაველი” და “ამირანი” განთავსდება. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში ჩატარდება კონკურსი და გამოვლინდებიან გამარჯვებულები საუკეთესო დიზაინის, ფოტოსა და სლოგანის ავტორები. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 24 თებერვლამდე თავისი ნამუშევრები სოციალური კამპანიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე – “შეიკარი ღვედი” უნდა გააგზავნონ. კონკურსის შედეგად სამი გამარჯვებული გამოვლინდება, რომელსაც შს სამინისტრო მობილური ტელეფონით – “აიფონ 5”-ით დაასაჩუქრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები