უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკვე მეორე დღეა, უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს.
ამის შესახებ მან ხალხისადმი ვიდეომიმართვაში თქვა.
პრეზიდენტის თქმით, რუსები არ განასხვავებენ, რა სამიზნეებზე მიიტანონ იერიში, ამიტომ, ჭურვები ხვდება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს, არამედ – საცხოვრებელ სახლებსაც.
“ამ თავდასხმის მიზანი არის ზეწოლა. ზეწოლა თქვენზე, ძვირფასო მოქალაქეებო. ზეწოლა მთელ ჩვენს საზოგადოებაზე. ხაზს ვუსვამ: არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ ყველა უკრაინელზე. და დღეს უფრო მეტად, ვიდრე გუშინ. ჩვენმა ბიჭებმა და გოგოებმა, უკრაინის ყველა დამცველმა არ მისცა მტერს შეჭრის ოპერატიული გეგმის განხორციელება, პირველივე დღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტერი უმეტესი მიმართულებით შეჩერებულია, ბრძოლები მიმდინარეობს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები იცავს ცას, მაგრამ მტრის თვითმფრინავები სასტიკად მოქმედებენ საცხოვრებელ ადგილებში, კერძოდ – კიევში.
ზელენსკიმ თქვა, რომ ეს თავდასხმა 1941 წლის კიევზე თავდასხმას გავს.
“ჩვენ მარტო ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს. მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან აკვირდებიან. დაარწმუნა თუ არა რუსეთი გუშინდელმა სანქციებმა? ჩვენ გვესმის ჩვენს ცაში და გვესმის ჩვენს მიწაზე, რომ ეს საკმარისი არ არის”, – თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ჩვენი თავისუფლების დაცვა მხოლოდ უკრაინელების სოლიდარობას შეუძლია”.
მისივე თქმით, სამხედროები თავიანთ დავალებებს მაქსიმალურად ასრულებენ.
ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა ყველა უკრაინელს მოუწოდა მობილიზებისა და არმიის დახმარებისკენ.
“უკრაინელების ბედი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ გარდა სხვა არავინ წარმართავს ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, სიმართლე ჩვენთან არის. ჩვენი ხასიათის განადგურება ვერ მოხდება. “კალიბრის” რაკეტები უმწეოა ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ,” – თქვა მან.