გამყრელიძე – “მწვანე პასპორტებზე”: რიგი ბიზნესებისთვის რეკომენდებულია მათი მოთხოვნა, ეს მათი გადასაწყვეტია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ბიზნესსექტორი „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნას გააგრძელებს.
„დღეს გამოცხადდა, რომ სავალდებულო არ იქნება ე.წ. მწვანე პასპორტი. ჩემი გადასახედიდან, მთელი რიგი ბიზნესებისთვის რეკომენდებულია მათი მოთხოვნა, ეს მათი გადასაწყვეტია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულების გაუქმების მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოქალაქეები მის გარეშე ვერ შევლენ.
“მოგიყვანთ ჩვენს მაგალითს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მობრძანდით. ვერ შემოხვალთ, თუ არ აჩვენებთ თქვენს აცრის, ტესტირების სტატუსს, ანუ „მწვანე პასპორტი“ აქ მუშაობს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ბიზნესი ამას გააგრძელებს, მაგრამ დღეს განხილული იყო მისი ვალდებულება, სავალდებულოობა ამ ეტაპზე მოხსნილია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.