შსს-მ ამავე უწყების სახელით მოსარგებლე თაღლითი დააკავა

   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს და თაღლითობაში ამხილეს 1963 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ბესიკ ხ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბესიკ ხ. გამოგონილი სახელითა და გვარით კერძო კომერციული სტრუქტურების ხელმძღვანელებს და ბიზნესმენებს უკავშირდებოდა, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი და სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ მათ გარკვეული თანხების გადახდას სთხოვდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბესიკ ხ. მიმდინარე წლის 5 თებერვალს „ვისოლ ჯგუფის“ ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და, თანხის თაღლითურად მითვისების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს სახელით, 2500 ლარის გადახდა მოსთხოვა. ბესიკ ხ-მ გზავნილის სახით ჩარიცხული თანხა „ლიბერთი ბანკის“ ონის ფილიალიდან 2014 წლის 6 თებერვალს გამოიტანა. შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბესიკ ხ., ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, იმავე დღეს დააკავეს. გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები