შსს-ს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები მერაბიშვილის წინააღმდეგ

ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი 26 მაისის საქმეზე 10 თებერვალს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვის ეტაპით გაგრძელდება. დღის განმავლობაში საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის ძირითადი მოწმეები და 26 მაისის აქციის დაშლის ოპერაციის ორგანიზატორები დაიკითხნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე სამმართველოს მოქმედმა უფროსმა და ერთ-ერთმა მოწმემ, გიორგი ლომიძემ, აღნიშნა, რომ 26 მაისის მიტინგის დაშლას რამდენიმე ხარვეზი ჰქონდა. მოწმის ჩვენების თანახმად, პარლამენტის მიმდებარედ განლაგებული ქვედანაყოფი, რომელთაც ხაკისფერი ქურთუკები ეცვათ, გეგმის მიღმა გამოჩნდნენ მომიტინგეთა შორის. მისი განმარტებით, გეგმის მიხედვით, ისინი ტერიტორიიდან არ უნდა გამოსულიყვნენ. მან კიდევ ერთ ხარვეზზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოპერაციის მიმდინარეობისას გაითიშა რადიოგადამცემები და სამართალდამცველებს შორის კონტაქტი შეწყდა.
ასევე, გიორგი ლომიძის განცხადებით, მომიტინგეებს აკავებდნენ პლასტმასის ხელბორკილებით და აწვენდნენ მიწაზე, თუმცა, მისი განმარტებით, პირაღმა თუ პირუკუღმა დააწვენდნენ დაკავებულებს, ამით კანონი არ დარღვეულა.
კიდევ ერთი მოწმის, იური ლომიძის დაკითხვისას ვანო მერაბიშვილმა პროკურატურა სპეცრაზმელებზე ზეწოლაში დაადანაშაულა. იური ლომიძე განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მოქმედი უფროსია, რომელმაც პროცესზე განაცხადა, რომ 26 მაისის აქციაზე “მაქსიმალური დაკავების” დავალება არსებობდა. ლომიძის განცხადებით, გასასვლელები, საიდანაც მომიტინგეებს ტერიტორიის დატოვება შეეძლებოდათ, არ არსებობდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცველებს ჰქონდათ ინფორმაცია, ტერიტორიაზე მოლოტოვის კოქტეილების არსებობის შესახებ. ჩვენებას რეპლიკით გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილი. “ბრალდების მხარის მხრიდან სპეცრაზმელებზე ზეწოლა ხორციელდება. იური ლომიძე 2008 წლის აგვისტოს ომის გმირიф, მან ჯილდოც მიიღო, თუმცა, დაკითხვის ოქმში ეს მითითებული არ არის”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
დღევანდელ პროცესზე ასევე სასჯელაღსრულების №7 დაწესებულების მოქმედი უფროსი შოთა ტრაპაიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სვიმონ ქარჩაიძე დაიკითხნენ. პროცესის ბოლოს კომენტარები ბრალდებისა და დაცვის მხარის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
მერაბიშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის განცხადებით, დაკითხული მოწმეები ასახელებენ მომიტინგეთა მინიმუმ ორიათასიან რაოდენობას. მათი ინფორმაციით, 26 მაისის მიტინგის დაშლისას 800-მდე დაკავებული არსებობდა. ოთარ კახიძის განცხადებით, აქედან ცხადია, რომ მომიტინგეთა დიდ ნაწილს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცა.
პროკურორ ნათია მეზვრიშვილის განცხადებით კი, სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების დაკითხვის შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ვანო მერაბიშვილის ბრძანების გარეშე ნაბიჯი არცერთ სამართალდამცველს არ გადაუდგამს. პროკურორის თქმით, ეს მიუთითებს, რომ ვანო მერაბიშვილი უკანონო დავალებებს იძლეოდა. მერაბიშვილის სასამართლო პროცესი 10 თებერვალს, 11:00 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები