რუსეთი 2022-2023 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ფინანსურ დახმარებას უზრდის

რუსეთი 2022-2023 წლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების გაზრდას გეგმავს.

ამის შესახებ Тасс-ი 2022-2024 წლების ფედერალური ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ჩანაწერზე დაყრდნობით იტყობინება.

დოკუმენტის თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფინანსური დახმარების ზრდა როგორც 2022 წელს, ასევე, 2023 წელს იქნება 786.2 მილიონი რუბლი. დაზუსტებულია, რომ თანხები მიმართულია “რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის 2015 წლის 18 მარტის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებების განხორციელებაზე”.

ოკუპირებულ აფხაზეთთან თანამშრომლობის საბიუჯეტო ასიგნირების გაზრდა იგეგმება 2022 წელს – 410 მილიონი რუბლით, ხოლო 2023 წელს – 401.5 მილიონით.

განმარტებაში ნათქვამია, რომ თანხები გამოიყოფა რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთთან ადრე დადებული შეთანხმებების განხორციელების ფარგლებში.

გარდა ამისა, ბიუჯეტი ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსეთის უმუშევარი მოქალაქეების ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის დაფარვას.

“საბიუჯეტო ასიგნებები გათვალისწინებულია 2022 წელს 402 მილიონი რუბლის ოდენობით, 2023 წელს – 418.1 მილიონი რუბლის ოდენობით, 2024 წელს – 434.9 მილიონი რუბლის ოდენობით”, – ნათქვამია განმარტებითი ჩანაწერში.

ე.წ.სამხრეთ ოსეთში 2018-2019 წლებში საინვესტიციო პროგრამის განსახორციელებლად, რუსეთის ბიუჯეტში გამოყოფილი იყო 4.5 მილიარდზე მეტი რუბლი. კიდევ 9.1 მილიარდი რუბლი გამოიყო 2015-2017 წლების პროგრამისთვის. 2021-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა დამტკიცდა 4.5 მილიარდი რუბლის ოდენობით – 1.5 მილიარდი რუბლი ყოველწლიურად.

რუსული საინვესტიციო პროგრამის მოცულობა ოკუპირებული აფხაზეთისთვის 2017-2019 წლებში შეადგენდა, დაახლოებით, 6 მილიარდი რუბლს, 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა დამტკიცდა 4.5 მილიარდი რუბლის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები