ქუთაისის განახლებული აეროპორტი ჰოლანდიური კომპანია UN Studio-ს არქიტექტორებმა მოინახულეს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია UN Studio-ს მთავარი არქიტექტორები ეწვივნენ და განახლებული ტერმინალი დაათვალიერეს. აეროპორტში ჰოლანდიელ არქიტექტორებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ უმასპინძლა. კომპანია UN Studio-ს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც ძველი, ისე განახლებული ტერმინალის კონცეპტ-დიზაინი ეკუთვნის. ჰოლანდიელი არქიტექტორების განცხადებით, ახალი ინტერიერი ქუთაისის აეროპორტის სავიზიტო ბარათია, რომელიც მთლიანად მგზავრების კომფორტსა და ზრუნვაზეა ორიენტირებული.

“ჩვენ ბევრი აეროპორტი გვაქვს დაპროექტებული, თუმცა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყო პირველი, რომლის კონცეპტ-დიზაინი სრულად UN Studio-ს ეკუთვნის და რომელიც უკვე წლებია, ოპერირებს. პირველ ყოვლისა, ჩვენ გვსურს, რომ აქ მოსულმა მგზავრებმა იგრძნონ თავი, როგორც საკუთარ სახლში. მისი დაპროექტებისას იდეა გვქონდა, რომ  აეროპორტი არ ყოფილიყო მხოლოდ ქვეყნიდან გამგზავრებისთვის ან ჩამოფრენისთვის, არამედ ყოფილიყო ადამიანების შეხვედრის ადგილი, მათ თავი ეგრძნოთ კომფორტულად და ეპოვათ ახალი გამოცდილება, მაგალითად, იმ უნიკალურ გამწვანებულ ტერასაზე, რომელიც ქუთაისის აეროპორტის განახლებულ ტერმინალს აქვს”, – ამბობს ჰოლანდიური კომპანია UN Studio-ს დირექტორი და მთავარი არქიტექტორი, ფრანს ვან ვუურე.

ორივე ტერმინალის გაერთიანების შედეგად, ქუთაისის აეროპორტს აქვს ერთიანი ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებითა და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის არის საჭირო.

,,UN Studio-ს ვიზიტის ფარგლებში, განვიხილეთ ის საოპერაციო საკითხები, რომლებიც ამჟამად აეროპორტის ოპერირების პროცესშია, ასევე, ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, დავხვეწოთ ისინი. რა თქმა უნდა, განვიხილეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მომავალი კონცეპტ-დიზაინი, რომელიც აეროპორტს რამდენიმე წელიწადში სრულად დატვირთვის შემდეგ მგზავრთნაკადის მატებასთან ერთად დასჭირდება”, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ არის მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც თანამედროვე აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს. გაფართოების შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წლიურად 2.5 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები