იოსებ არჩვაძე: ადამიანურ ტრაგედიაზე ასეთი ბოროტი განცხადებები მათ ავტორთა ღიად გამოვლენილ მიზანთროპულ და არაპატრიოტულ დემარშზე მიუთითებს

„ადამიანურ ტრაგედიაზე ასეთი ბოროტი განცხადებები, „ანგლობა“, მათ ავტორთა მახვილსიტყვიერებაზე კი არა, ღიად გამოვლენილ მიზანთროპულ და არაპატრიოტულ დემარშზე მიუთითებს. აღარაფერს ვამბობ ისეთებზე, რომლებიც გულწრფელად თუ ფარისევლურად მოთქვამენ, „თავზე ნაცარს იყრიან“, რომ თურმე „ასეთ ქვეყანაში ცხოვრება აღარ ღირს“ და ამიტომ სამშობლო უნდა დატოვონ,“ – ამის შესახებ ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, დანაშაული, მათ შორის, უცხოელებისა და ტურისტების მიმართ, ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში ხდება. ტურისტების რაოდენობასა და მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაზე გაანგარიშებით, უცხოელი ტურისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულით საქართველო მყარად იკავებს ერთ-ერთ ბოლო ადგილს და ამიტომაც წარმოადგენს ამ მხრივ ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანას მსოფლიოში.

„ადამიანის გარდაცვალება თავისთავად ტრაგედია და აუნაზღაურებელი დანაკლისია. მით უფრო, როდესაც საუბარი შორეული ქვეყნიდან შენი ქვეყნისათვის დახმარების გასაწევად ჩამოსულ პირზეა. ამიტომაცაა, რომ ავსტრალიელი მასწავლებლის შანაე ბრუკის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ქართული საზოგადოება უაღრესად დაამწუხრა. ამასთან, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა სხვადასხვა პირთა პოსტები, რომლებიც შინაგანი კმაყოფილებით, ხელების ფშვნეტით იუწყებიან, რომ თურმე საქართველო არ არის უსაფრთხო უცხოელთათვის, რომ ვისაც უნდა, რომ ეს მისთვის ბოლო ზაფხული იყოს, საქართველოს უნდა ეწვიოы. ადამიანურ ტრაგედიაზე ასეთი ბოროტი განცხადებები, „ანგლობა“, მათ ავტორთა მახვილსიტყვიერებაზე კი არა, ღიად გამოვლენილ მიზანთროპულ და არაპატრიოტულ დემარშზე მიუთითებს. აღარაფერს ვამბობ ისეთებზე, რომლებიც გულწრფელად თუ ფარისევლურად მოთქვამენ, „თავზე ნაცარს იყრიან“, რომ თურმე „ასეთ ქვეყანაში ცხოვრება აღარ ღირს“ და ამიტომ სამშობლო უნდა დატოვონ.
დანაშაული, მათ შორის უცხოელებისა და ტურისტების მიმართ, ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში ხდება. სტატისტიკას რომ უბრალოდ თვალი გადავავლოთ, ტურისტების რაოდენობასა და მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაზე გაანგარიშებით, უცხოელი სტუმრების, ტურისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულით საქართველო მყარად იკავებს ერთერთ ბოლო ადგილს და ამიტომაც წარმოადგენს ამ მხრივ ერთერთ უსაფრთხო ქვეყანას მსოფლიოში. ამ დღეებში შესრულდა ზუსტად ათი წელი, რაც კუნძულ უტოიაზე ნორვეგელმა ბრეივიკმა 77 უდანაშაულო ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ამისათვის არც ერთ ნორვეგიელს საკუთარ სამშობლოზე უარი არ უთქვამს და ანტიპატრიოტული, ტოქსიკური განცხადებებით არ უცდია სოციალური ქსელების მოწამვლა. უფრო მეტიც, მიუხედავად აღნიშნულისა, ნორვეგია ბოლო წლებში, გაეროს განვითარების პროგრამის შეფასებით, მყარად იკავებს პირველ ადგილს მსოფლიოს 200-მდე სახელმწიფოთა შორის ადამინისეული განვითარების ინდექსით.
საქართველო ეხლა დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ეკონომიკის სტაბილიზაციის, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეხლა გვჭირდება „ერისა და ბერის“ ერთიანობა, რათა ამ ისტორიულ გამოწვევებს წარმატებით გავუმკლავდეთ და მსოფლიო თანამეგობრობაში ჩვენი ისტორიისა და თანამედროვეობის შესატყვისი ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ. ასეთ დროს საკუთარი ქვეყნის საზიანოდ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, ქვეყნის იმიჯისათვის ნებისმიერი საზიანო ქმედება თუ განცხადება, როგორი კაზუისტიკაც არ უნდა მოვიშველიოთ, საბოლოო ჯამში მაინც ქვეყნის ღალატად კვალიფიცირდება.
საქართველო კი კვლავ მიიღებს და უმასპინძლებს უცხოელ სტუმრებსაც, ტურისტებსაც, დახმარების ხელის გამომწოდებელ თუ უბრალოდ ჩვენი ქვეყნის გაცნობის ცნობისმოყვარეობით აღვსილ პირებს, კვლავაც ერთგული იქნება სტუმრის ღვთისგან გამოგზავნილ პირად მიჩნევის პრინციპებისა. „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია,“- წერს იოსებ არჩვაძე Facebook-ის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები