ფინანსთა სამინისტრო სამორინეს მოწყობისთვის სანებართვო მოსაკრებლის გადახდასათან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო „სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 2021 წლის 13 ივლისს მიღებულ №347 დადგენილებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისთვის დამატებით განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ერთჯერადად და მიზნად ისახავს პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო ქ.თბილისში მოქმედ სამორინეებში წარმოქმნილი ეკონომიკური სიძნელეების დაძლევას, – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 21 მარტიდან სამორინეებს შეზღუდული ჰქონდათ საქმიანობა და მუშაობის განახლების შესაძლებლობა მათ 2021 წლის 1-ლი აპრილიდან მიეცათ, თუმცა მიუხედავად ამისა, არსებული სირთულეების გამო, დღემდე ვერ შეძლეს ფუნქციონირების დაწყება.
ცნობისთვის, 2020 წლის 21 მარტის მდგომარეობით, ქ. თბილისში მოქმედ სამორინეებს კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარ ჰქონდათ გადახდილი სანებართვო მოსაკრებელი 5 მლნ ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მათთვის მიიღო ერთჯერადი გადაწყვეტილება. კერძოდ, ქ. თბილისში იმ სამორინეებისთვის, რომლებიც ნებართვას აიღებენ 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე, წელს სანებართვო მოსაკრებელი იქნება 2 500 000 ლარი.
გარდა ამისა, 2022 წელს 2 500 000 ლარს გადაიხდიან ქ.თბილისში მოქმედი ის სამონირეები, რომელთაც სამორინეს მოწყობის ნებართვა აღებული აქვთ 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ეს ერთჯერადი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება თბილისში მოქმედ ყველა სამორინეს და რომელიც ყველა სამორინესთან მიმართებით ვრცელდება მხოლოდ ერთი წლის სანებართვო მოსაკრებელზე (ნებართვები გაიცემა 5 წლის ვადით), დაეხმარება სექტორს საქმიანობს განახლებაში.
აქვე განვმარტავთ, რომ იმ პირებისთვის, რომლებიც წელს ისარგებლებენ მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით (ნებართვას აიღებენ 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე) 2022 წელს სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებელი კვლავ 5 მლნ ლარი იქნება,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები