სასამართლო ბაჩო ახალაიას განაჩენს 14 თებერვალს გამოაცხადებს
ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლოში დაცვისა და ბრალდების მხარეებმა შესაბამისი რეპლიკები წარმოსთქვეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით საქმეს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის განკარგულება დაერთო, რომლის თანახმად, სააკაშვილმა ბაჩანა ახალაია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე შეიწყალა.
დაცვის მხარემ რეპლიკაში აღნიშნა, რომ ბრალდებამ ვერ წარმოადგინა ვერც არგუმენტი და ვერც დამატებითი მტკიცებულება, თუ რატომ უნდა შეიცვალოს პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი.
რეპლიკის დროს პროკურორმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს ბრალდების მხარის საჩივარი.
ამის შემდეგ საბოლოო სიტყვა ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ წარმოსთქვა. ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე პროკურატურა ახალაიას ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. პირველი ინსტანციის სასამართლომ ბაჩო ახალაია და მასთან ერთად საქმეში ბრალდებული პირები არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო. მეორე მუხლით წაყენებული ბრალი კი, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობდა, მოუხსნა. სწორედ ამას ასაჩივრებს ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში.
მას სასჯელის სახით თავისუფლების 3 წლითა და 9 თვით აღკვეთა შეეფარდა, თუმცა მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წლის შემოდგომაზე შეიწყალა.
ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე განაჩენი 14 თებერვალს, 17:00 სთ-ზე გამოცხადდება.