იოსებ არჩვაძე: ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ აპრილში შეადგინა 50.5 პროცენტი, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია
“ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ აპრილში შეადგინა 50.5 პროცენტი, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მიმდინარე წელს თვიდან თვემდე მკვეთრად, ყოველთვიურად საშუალოდ 51.3 მლნ. აშშ დოლარით იზრდება საქართველოს ექსპორტის მოცულობა.
„2021 წლის აპრილში გრძელდებოდა საგარეო სავაჭრო ურთიერთობების აქტივიზაცია, განსაკუთრებით – ექსპორტის ნაწილში. სავაჭრო ბრუნვა აპრილში (1127.4 მლნ. აშშ დოლარი) წინა წლის აპრილთან შედარებით გაიზარდა 60.9 პროცენტით, მათ შორის, ექსპორტი – 70.2 პროცენტით, იმპორტი კი – 56.5 პროცენტით. აღნიშნული მაჩვენებლები არა მარტო საგრძნობლად აღემატებიან წლის პირველი სამი თვის ანალოგიურ მაჩვენებლებს, არამედ ხარისხობრივად ჯერადადაც უკეთესნი არიან მათზე (იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ წინა წლის იანვარ-მარტთან მხოლოდ 99.3% შეადგინა, ექსპორტი გაიზარდა 5.3%-ით, ხოლო იმპორტი შემცირდა 2.4%-ით).
იზრდება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით თანაფარდობის მაჩვენებელიც: თუ ჯერ კიდევ იანვარში აღნიშნული მაჩვენებელი ერთი წლის წინანდელს ჩამორჩებოდა 16.2 პროცენტით, თებერვალში მან უკვე გადააჭარბა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.9 პროცენტით, მარტში – 30.6 პროცენტით, ხოლო აპრილში – უკვე 70.2 პროცენტით. ექსპორტის თვეებს შორის 2021 წლის აპრილი სიდიდით (378.3 მლნ. აშშ დოლარი) მეორე ადგილზეა – 2019 წლის დეკემბრის (396.0 მლნ. აშშ დოლარი) შემდეგ. ამასთან, აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფითი სალდოს თანაფარდობა სავაჭრო ბრუნვასთან რეკორდულად დაბალი (-32.0%) იყო (იანვარ-აპრილში მთლიანად – -39.0%),“ – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.