ვარლამ გოლეთიანი: “ნამოხვანჰესის” აქციის დისკრედიტაციის მიზნით, პროვოკაციები იგეგმება და ადგილზე სხვადასხვა ჯგუფი იმყოფება

“ნამოხვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე მხარის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, აქციის დისკრედიტაციის მიზნით, სოფელ გუმათში სხვადასხვა ჯგუფი იმყოფება, რომლებიც შესაძლოა, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მისივე თქმით, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები ყოველგვარ ძალადობას ემიჯნებიან.

“მნიშვნელოვანი განცხადება გვინდა, გავაკეთოთ. პიროვნულად არცერთ ჯგუფთან დაპირისპირება არ გვაქვს და გაცხადებული, დეკლარირებული პოზიცია გვაქვს, რომ მშვიდობიანი პროტესტია. რადგან ვხედავთ, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს ჩვენს აქციაზე, თან მივმართეთ პოლიციის უფროსს, რომ შეიძლება, მოხდეს დაპირისპირება, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ჩვენი აქციის დისკრედიტაცია, რაც ცალსახად მათი ინტერესია, ვგულისხმობ ხელისუფლებას. ამიტომ, ამ ყველაფრის თავის ასარიდებლად და პრევენციისთვის, ვაკეთებთ ამ განცხადებას, რომ გავემიჯნოთ მთელ ამ პროცესს. ჩვენ ამ პროცესთან არანაირი კავშირი არ გვაქვს და თუკი სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები აქ, ამ ადგილზე, დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, შევლენ პოლიციასთან დაპირისპირებაში, ჩვენ გადავინაცვლებთ ქვედა ნაწილში. პოლიციამ აღნიშნა, რომ ამ სიტუაციას არ გააკონტროლებს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათაც აქვთ ინფორმაცია მოსალოდნელ პროვოკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია”, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები