სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციხის ბუნტის განაჩენის განხილვა გრძელდება
საქართველოს სააპელაციო სასამართლოში დღეს ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას საქმის განხილვა გაგრძელდება. ბრალდებისა და დაცვის მხარეები დღევანდელ პროცესზე რეპლიკებით წარდგებიან და კიდევ ერთხელ შეეცდებიან საკუთარი პოზიციის არგუმენტებით გამყარებას. როგორც ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი განმარტავს, დაცვის მხარე შეეცდება, სასამართლო კიდევ ერთხელ დაარწმუნოს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დასაბუთებულია.
“პროცესზე, სადაც კანონიერი ქურდები ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ არიან, დარჩენილია რეპლიკები. დაცვის მხარე ამ რეპლიკას გამოვიყენებთ, რათა სასამართლო კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების მართებულობაში, სადაც სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ბუნტი კანონიერმა ქურდებმა და კრიმინალებმა მოაწყვეს. დარწმუნებული ვართ, რომ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას სასამართლო ძალაში დატოვებს”, – განაცხადა გიორგი ონიანმა. საქმის განხილვა დღეს 14 საათზე დაიწყება.