ილია დარჩიაშვილი: საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებით შემსუბუქების გადაწყვეტილება

“დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებით შემსუბუქების გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინო-თეატერებს.

“გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე შემსუბუქებულია. დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებით შემსუბუქების გადაწყვეტილება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინო-თეატერებს. უკვე ხვალიდან, 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში. ასევე, მოგეხსენებათ, რომ 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%. ასევე, იმართება ძიუდოში გრანდსლემი, რომელზეც ასევე დაიშვება მაყურებელთა 30%”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს სახალხო დღესასწაულ ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით და ითხოვეს ერთი ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კულტურულ, რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე, არსებობს ვირუსის გავრცელების მომატებული რისკი. განსაკუთრებით იმ დროს, როცა შეზღუდვების უმეტესობა უკვე მოხსნილია. შესაბამისად, მსგავს დღესასწაულებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის. ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს მივიღებთ არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის ანალიზის საფუძველზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, – იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ შეზღუდვების შემსუბუქებული რეჟიმი უნდა ვატაროთ პირბადე. სწორედ პირბადის ტარება და მარტივი რეკომენდაციების დაცვაა დღემდე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების ყველაზე საუკეთესო საშუალება”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები