საპატრიარქო – “სიცრუეა, თითქოს, სვეტიცხოვლის მიმდებარე უბანში, სასულიერო პირები ადგილობრივებს გაურკვეველი დანიშნულების გადასახადის გადახდას აიძულებდნენ”

საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ინფორმაციას, თითქოს, წმინდა ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მიმდებარე უბანში სასულიერო პირები ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებდნენ გაურკვეველი დანიშნულების „გადასახადის“ გადახდას.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, დღეს საქართველოს საპატრიარქოში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წმინდა ქალაქ მცხეთის სამღვდელოებას შეხვდა.

,,სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე იმსჯელეს ცოტა ხნის წინ საჯარო სივრცეში გაჟღერებული განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, თითქოს, წმინდა ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მიმდებარე უბანში სასულიერო პირები ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებდნენ გაურკვეველი დანიშნულების „გადასახადის“ გადახდას.

საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ამ ინფორმაციას და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ამგვარი სიცრუის გავრცელება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დისკრედიტაციას.

განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელების დრო ემთხვევა წმინდა ქალაქ მცხეთისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდს – ქალაქის მართვის გეგმარებითი დოკუმენტაციის შემუშავების გარკვეულ ეტაპს და, ცილისმწამებლების წარმოდგენით, უკავშირდება ამ პროექტის ზოგიერთ ქალაქგეგმარებითს გადაწყვეტას.

ამასთან, ამგვარი ან მსგავსი პროვოკაციული ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს ეკლესიის მხრიდან მათზე შემდგომი რეაგირების მიზნით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია (როგორც პირადი გასაუბრების მეშვეობით, ისე ფოტო ან ვიდეომასალის მოწოდებით), რომელიც დაკავშირებული იქნება ასეთ ფაქტებთან”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები