ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინდელი ინციდენტის დროს დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ ღამით მარტვილში, საეპისკოპოსო რეზიდენციაში განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა, გაამხნევა, დალოცა და გამოჯანმრთელება უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

,,აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს, „დაპირისპირება მოხდა მრევლსა და სასულიერო პირებს შორის“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

სინამდვილეში, ჭყონდიდის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში მიტროპოლიტ სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის მიმდინარე შეხვედრისას, რეზიდენციაში შეღწევის მიზნით, გარკვეული პირები ძალით ცდილობდნენ კარის გახსნას და დარბაზში მყოფ სასულიერო პირებს გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ, რაც კარგად ჩანს ადგილზე გადაღებულ კადრებში. კარის გაღების შემდეგ აივანზე არსებული სივრცე, სადაც უამრავი ადამიანი და ჟურნალისტი იმყოფებოდა, კიდევ უფრო შევიწროვდა. ამის გამო ისინი მიაწვნენ აივნის მოაჯირებს. სამწუხაროდ, მოაჯირმა ვეღარ გაუძლო სიმძიმეს, მოძვრა და შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – მედიის წარმომადგენლები, ეზოში გადაცვივდა და დაშავდა.
აღნიშნული ფაქტის შესახებ დეტალურ სურათს უახლოეს დღეებში მოკვლევა წარმოაჩენს”, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები