სერგო ჩიხლაძე: ბატონი ელისაშვილი, როგორც აღმოჩნდა, არასანდო პარტნიორია – ყველა შეხვედრა შეიძლება, სხვანაირად თარგმნოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „მოქალაქეებსა“ და „გირჩთან“ ჩაშლილი მოლაპარაკებები ოპოზიციაში დღის წესრიგს ვერ შეცვლის.

მისივე თქმით, საკითხებთან დაკავშირებით მთავარია მთლიანი ოპოციზიური სპექტრის კონსენსუსი.

„ვერ შეცვლის ოპოზიციაში იმას, რაზეც ერთიანები ვართ – საარჩევნო ბოიკოტსა  და საარჩევნო საკითხებზე. „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, მათგან განსხვავებით, არავის თავს არ ვესხმით, არავის ეპითეტებით არ ვამკობთ, არანაირ ჭორებს არ ვიგონებთ. მათ თავიანთი გზა აირჩიეს, ეს ოპოზიციურ ერთობას ხელს არ უშლის. ეს არის ხუთი ადამიანი, აქეთ არის 50-55 ადამიანი, რომელთაც ერთიანი პოზიცია აქვთ.

ჩვენ ვთქვით, რომ შეხვედრის წინააღმდეგი არ ვართ. შეხვედრები იმართება სხვადასხვა ფორმატში და ისიც ვახსენეთ, რომ ხან ეთერებში ვხვდებით, ხან სხვა პარტიის ოფისებში ვხვდებით. ამას რაღაც განსაკუთრებული დრამატულობა და სცენების დადგმა არ სჭირდება. ასევე, ვთქვით, რომ ეს პროცესი უნდა იყოს საერთო ოპოზიციასთან შეთანხმებული. აქედან გამომდინარე, უპრიანი იქნებოდა, რომ მთლიან ოპოზიციას გვემსჯელა. რაზეც არ უნდა ვიმსჯელოთ, ერთი და ორი პარტია რაღაცაზე თუ შეთანხმდნენ, თუ ამაში ოპოზიციური კონსენსუსი არ იქნება, აზრი არ ექნება. ამიტომაც ვთქვით, შევიკრიბოთ ერთად, ისედაც იგეგმება ამ კვირაში შეხვედრა და აქ განვიხილოთ ყველა საკითხი. ეს იყო პოზიცია და ეს გავაჟღერეთ გუშინ. დღეს კიდევ უფრო დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეხვედრა საჭირო არ იყო. ბატონი ელისაშვილი, როგორც აღმოჩნდა, არის არასანდო პარტნიორი და ყველა პირისპირ შეხვედრა შეიძლება, მან სხვანაირად თარგმნოს. როდესაც გაფართოებულ ფორმატშიც კი გამოდის და ისეთ ამბებს ჰყვება, რომელიც საერთოდ არ მომხდარა, პირისპირ შეხვედრაზე მეტი შანსია. აქედან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები