Moneyval-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების რიცხვს

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval)კომიტეტი, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების თაობაზე ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების რიცხვს.

საქართველოს ტერიტორია უცხოელი ტერორისტი მებრძოლებისთვის ხელსაყრელ ტრანზიტულ მარშუტს არ წარმოადგენს. სახელმწიფო უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ერაყსა და სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს ტერორიზმის დაფინანსების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მყარი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო. საქმეებზე მუშაობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები და გენერალური პროკურატურის ზედამხედველი პროკურორები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო რესურსი და მაღალი დონის ექსპერტიზა. ტერორიზმის დაფინანსების საქმეების განხილვის კუთხით, სამართლებრივი ან სტრუქტურული თვალსაზრისით ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამომძიებლებს და გენერალურ პროკურატურაში ზედამხედველ პროკურორებს ტერორიზმის დაფინანსების სხვადასხვა ტიპის საქმიანობის ძალიან კარგი ცოდნა აქვთ და ახორციელებენ პარალელურ ფინანსურ გამოძიებას ტერორიზმის საქმეებისა და ტერორიზმთან შესაძლო კავშირის მქონე საქმეების ფარგლებში“- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს აქვს ტერორიზმის დაფინანსების იდენტიფიცირების ეფექტური სისტემა. გამოვლენის შემდგომ, ტერორიზმის დაფინანსების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა, ეფექტურად ხორციელდება, საგამოძიებო ტექნიკის ფართო შესაძლებლობების გამოყენებით.

ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა კარგად არის ინტეგრირებული კონტრტერორისტულ სტრატეგიასა და გამოძიებებში და საქართველო ეფექტურად იყენებს ალტერნატიულ დამსჯელ ღონისძიებებს, როდესაც პრაქტიკულად ვერ ხერხდება ტერორიზმის დაფინანსების მსჯავრდების უზრუნველყოფა.

2012 წლის შეფასების შემდგომ,ტერორიზმისა და ტერორიზმის დაფინანსების კრიმინალიზაციის კუთხით, საქართველომ სამართლებრივი ჩარჩოს არსებითი ცვლილებები განახორციელა. შესაბამისად, ამჟამად არსებობს ამ დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მყარი სამართლებრივი საფუძველი.

დამატებით საქართველომ შეიმუშავა 2019-2021 წლების კონტრტერორისტული სტრატეგია, რომელიც ასევე მოიცავს ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კომპონენტს.სტრატეგია წარმოადგენს ყოვლისმომცველ და კარგად-დამუშავებულ დოკუმენტს. სამართლებრივი ჩარჩო და კონტრტერორისტული სტრატეგია გამყარებულია გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის კარგად ჩამოყალიბებული ინსტიტუციური სტრუქტურით. ტერორიზმისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის საგამოძიებო დანაყოფი.

სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ გენერალური პროკურატურაში ტერორიზმის დაფინანსებაზე მომუშავე სპეციალისტები.

ტერორიზმსა და ტერორიზმის დაფინანსებასთან გამკლავების კუთხით, გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დეპარტამენტებს გააჩნიათ სათანადო რესურსი. თანამშრომლები არიან კარგად მომზადებული და ავლენენ ცოდნის, პროფესიონალიზმისა და თავდადების შთამბეჭდავ დონეს. მათ აქვთ ფართო სამართლებრივი უფლებამოსილება, მოიპოვონ ინფორმაცია და მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვა უწყებებთან, განსაკუთრებით პოლიციასთან, საბაჟოსთან და ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან. ისინი, ასევე, რეგულარულად თანამშრომლობენ საერთაშორისო პარტნიორებთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისტემატურ მონიტორინგს უწევს ტერორიზმის დაფინანსების კუთხით ახალ გლობალურ ტენდენციებს და ადრეულ ეტაპზევე ახორციელებს საფრთხეების იდენტიფიცირებას.

ტერორიზმის დაფინანსებაში მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებული სანქციები არის სათანადოდ ეფექტური, პროპორციული და შემაკავებელი ეფექტის. საქმეები მოწმობს, რომ სახელმწიფო უწყებებს აქვთ შესაძლებლობა, წარმატებით განიხილონ ტერორიზმის დაფინანსების საქმეები. განსაკუთრებით, ჩატაევის საქმე არის ტერორიზმის დაფინანსების სხვადასხვა ტიპის საქმიანობის, მათ შორის ტერორისტებისთვის არაფულადი მხარდაჭერის აღმოჩენის, სისხლისსამართლებრივი დევნის კუთხით საქართველოს ნების დემონსტრირების მაგალითი.

„შთამბეჭდავია საქართველოს ძალისხმევა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის კუთხით. საქართველოს სისტემები ტერორიზმის დაფინანსების იდენტიფიცირების, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სანქციების დაკისრების კუთხით, გამართულად მუშაობს. სამართალდაცვითი ღონისძიებები ტერორიზმის დაფინანსების ქმედებების აღკვეთის კუთხით მნიშვნელოვნად შეესაბამება საქართველოს რისკის გარემოს. მსჯავრდებები იქნა მიღწეული ქვეყნის რისკის პროფილის შესაბამისად“- ნათქვამია ანგარიშში.

ექსპერტთა კომიტეტმა ქვეყნის ძალისხმევა ამ მიმართულებით პოზიტიურად შეაფასა. ანგარიშის თანახმად, საქართველომ ტერორიზმის დაფინანსების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის კუთხითეფექტურობის „არსებით“ დონესმიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები