გერმანიის მთავრობა ჯო ბაიდენზე დიდ იმედებს ამყარებს – 46-ე პრეზიდენტი ნაკლებად იქნება ჩაციკლული ნატო-ს თავდაცვის ხარჯებზე

გერმანიის მთავრობა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დიდ იმედებს ამყარებს.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა რადიოსადგურ Deutschlandfunk -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ბაიდენი, დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, არ იქნება ისეთივე კატეგორიული ბერლინის მიმართ ნატო-ს თავდაცვის ხარჯის ზრდის მოთხოვნის დროს. თუმცა, ამბობს, რომ ბაიდენის დროს საკითხის აქტუალურობა შენარჩუნდება, მაგრამ  განხილვა სხვა ჭრილში გადავა.

თავის მხრივ, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, პეტერ ალთმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ ნაკლებად იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს და მრავალმხრივ ფორმატს ამჯობინებს. მინისტრი ასევე მიიჩნევს, რომ თუ აქამდე გერმანიისა და აშშ-ის ურთიერთობა დაზარალდა, მაგალითად, საბაჟო ჯარიმების ნაწილში, ახლა საერთაშორისო ვაჭრობის პოლიტიკა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

ალთმაიერმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ დაუბრუნდება კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებას, რადგან, მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკისთვის, არამედ  – მთლიანად პლანეტისთვის.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები