ლენტეხი-ბავარის გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი (კმ1-კმ7) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.
სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სატენდერო წინადადებების მიღება დღეს სრულდება.
“ლენტეხი-ბავარის გზა ამ ორი დასახლებული პუნქტის დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს, შესაბამისად, მის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებულია და მთლიანად მწყობრიდან არის გამოსული, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება გართულებულია.
უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის შესაბამისად, დაგეგმილია: გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ხელოვნური ნაგებობების, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების, მილების, კიუვეტებისა და გაბიონის კედლების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელების, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, ავტოპავილიონისა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის მოწყობა. განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობა, გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო შემოფარგვლა.
პროექტი, სახელწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.