მთავარი პროკურატურა დავით კეზერაშვილის გათავისუფლების პირობებს განმარტავს
დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გათავისუფლდა, – ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გათავისუფლდა.
მოსამართლემ დავით კეზერაშვილს აუკრძალა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება და დააკისრა ვალდებულება იცხოვროს ექს-ან-პროვანსში მოსამართლის მიერ მითითებულ კონკრეტულ მისამართზე. გადაწყვეტილების თანახმად, დ. კეზერაშვილს სასამართლომ უფლება მისცა დატოვოს საცხოვრებელი ადგილი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მხოლოდ 10-დან 18 საათამდე, ხოლო შაბათს და კვირას 9-დან 21 საათამდე.
ექ-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვადად განისაზღვრა დღეიდან 6 თვე და არა მხოლოდ – 27 თებერვლამდე პერიოდი, როდესაც ექსტრადიციის საკითხზე მოსამართლემ მსჯელობა უნდა განაახლოს. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილმა სასამართლოს უნდა ჩააბაროს მისი ორი პასპორტი.
საქართველოს მთავარი პროკურატურა აგრძელებს ექსტრადიციის საკითხზე მუშაობას ფრანგ კოლეგებთან სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში“, – აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.