საპატიმროების მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხა ე.წ. „აბსლუგას“ ანაზღაურებას ხმარდება

   სასაჯელაღსრულების სამინისტრო მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტებას აკეთებს. “მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში დასუფთავება-დალაგების, თეთრეულის რეცხვისა და შესაბამისი პროდუქტების მიტანა-დარიგების მომსახურება შპს „პერსპექტივასგან“ 2014 წლის 16 იანვარს 1 799 983 ლარად შეისყიდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 2013 წლიდან სამეურნეო ნაწილში ჩარიცხულ მსჯავრდებულებს 200-250 ლარის ანაზღაურება დაუნიშნა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს თანამედროვე პენიტენციალურ სისტემაში, როდესაც ე.წ. „აბსლუგას“ სახელმწიფო შრომას უნაზღაურებს. გარდა ამისა, ამით მანკიერი პრაქტიკა აღიკვეთა, როცა სამეურნეო ნაწილის მსჯავრდებულები სხვა პატიმრებს სოლიდური მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ ემსახურებოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მსჯავრდებულს სუფთა, ჰიგიენურ გარემოში და ღირსეულ პირობებში სასჯელის მოხდის უფლება გარანტირებული აქვს. სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო თვითონ მსჯავრდებულების რესურსს ეყრდნობა და საშუალებას აძლევს მათ, სასჯელის მოხდის პერიოდში მიღებული ანაზღაურებით გარკვეული თანხაც დააგროვონ. მსგავსი პრაქტიკაა დამკვიდრებული ევროპული ქვეყნების პენიტენციალურ სისტემაშიც. ამჟამად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში 620-მდე მსჯავრდებულია დასაქმებული. დამსაქმებელი – შპს „პერსპექტივა“ სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც არ მუშაობს მოგებაზე და გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მთლიანი თანხის მხოლოდ 2%-ს იღებს”, – განმარტავენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები