თამარ გაბუნია: აბიტურიენტებმა შესაძლოა, ეროვნულ გამოცდებზე მუშაობა პირბადის გარეშე შეძლონ
“განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ბარიერით აღჭურვილი მაგიდები. ამდენად, იქ, სადაც უკვე უშუალოდ მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და იქნება მის წინ ბარიერი, შესაძლოა, პირბადის გარეშე მუშაობა დასაშვები იქნას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.
“მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი რეკომენდაცია გავიარეთ და შენიშვნებიც მივიღეთ. საზოგადოების მოლოდინი, გარკვეულწილად, არაერთგვაროვანი იყო. პირბადე არის ბარიერი იქ, სადაც სხვაგვარი ბარიერის შექმნა შეუძლებელია, ვგულისხმობ პლასტიკატის, გამჭვირვალე ბარიერს, რომელიც იცით, რომ მაღაზიაში ან ავტობუსის მძღოლების შემთხვევაში შევქმენით.
განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ბარიერით აღჭურვილი მაგიდები. ამდენად, იქ, სადაც უკვე უშუალოდ მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და იქნება მის წინ ბარიერი, ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ამ შემთხვევაში რამდენად დასაშვები იქნება, იმუშაოს პირბადის გარეშე. ამ დღეებში ჩვენ გვექნება დაზუსტებული პასუხი ამასთან მიმართებით.
ვენტილატორებსა და კონდიცირებასთან დაკავშირებით, ასევე, ძალიან ბევრი დებატია და, ჯერჯერობით, კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ, რასაც ჩვენ ვაპირებთ გამოცდების პროცესში”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.