თბილისში ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ზ.ქ. ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ბრალდებით, თბილისში, გ. კარტოზიას ქუჩაზე დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ.ქ. ყოფილ მეუღლეს – ნ.ყ.-ს, ტელეფონის საშუალებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ დაკავებული, 2018 წლის აპრილიდან 2020 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, ყოფილ მეუღლესთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, როგორც პირადად, ისე, მობილური ტელეფონის საშუალებით. გარდა ამისა, ბრალდებული მას სისტემატურად უთვალთვალებდა. ნ.ყ.-მ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.
გამოძიების დაწყების პარალელურად, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც, სხვა შეზღუდვების დაწესებასთან ერთად, ზ. ქ.-ს ჩამოერთვა პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 11 პრიმა 151-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.