შსს-მ საერთაშორისო კიბერდანაშაული გახსნა

    საქართველოს ორი მოქალაქე პლასტიკური ბარათების გამოყენებით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ანგარიშებიდან თანხის დაუფლების ბრალდებით დააკავეს. ამავე დანაშაულში ამხილეს უკრაინის რესპუბლიკის ექვსი მოქალაქე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე დიმიტრი წ-ს უკრაინის მოქალაქე იური ხ. დაუკავშირდა, რომელმაც მის და მისი ხუთი თანამზრახველის, ასევე, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეების სახელზე დამზადებული 47 ყალბი საკრედიტო ბარათი გადასცა და აუხსნა, რომ აღნიშნულ საკრედიტო ბარათებზე დატანილი იყო ე.წ. ჰაკერული გზით, უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების საბანკო მონაცემებით. იური ხ-მ დიმიტრი წ-ს გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, საქართველოში არსებული ბანკების გამოყენებით, აღნიშნული ყალბი საკრედიტო ბარათებიდან თანხების მოხსნა შესთავაზა. რის შემდეგ დიმიტრი წ-ს თანხები უკრაინის რესპუბლიკაში იური ხ-სა და მისი თანამზრახველებისთვის უნდა გაეგზავნა, რასაც დიმიტრი წ. დასთანხმდა. მან აღნიშნული სქემა თავის ძმას – ზვიად წ-ს გააცნო, რომელიც თაღლითური გეგმის განხორციელებაში აგრეთვე ჩაერთო.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ თანხები ე.წ. ჰაკერული გზით, უკანონოდ მოიხსნა დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ბანკის 1137 პლასტიკური ვიზა ბარათიდან და ინტერნეტგადახდის საშუალებით ინტერნეტკაზინოს 45 მომხმარებელს ჩაერიცხა. შემდეგ, აღნიშნული თანხები ინტერნეტკაზინოს სხვა 11 მომხმარებლის ანგარიშებზე გადანაწილდა. იქიდან კი ფულის გადარიცხვა სხვადასხვა ბანკის ანგარიშებსა და საერთაშორისო ელექტრონულ ანგარიშებზე განხორციელდა.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აღნიშნული სქემით დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ბანკის მომხმარებლების ანგარიშებიდან 267 000 აშშ დოლარის თანხა მიითვისეს. დიმიტრი წ-მ და ზვიად წ-მ პლასტიკურ ბარათებზე ჩარიცხული თანხები საქართველოს სხვადასხვა ბანკის საშუალებით რამდენჯერმე გაანაღდეს. დაკავებულებმა, ყალბი საკრედიტო ბარათების გამოყენებით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების აგარიშებიდან უკანონოდ სულ 110 000 ლარის თანხა გაანაღდეს.
სამართალდამცველებმა დიმიტრი წ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად 60 პლასტიკური ბარათი ამოიღეს. ბარათები უკრაინელი მოქალაქეების სახელზე არის დარეგისტრირებული და ბრიტანელი მოქალაქეების უკანონოდ მოპოვებულ მონაცემებს შეიცავს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საკრედიტო ბარათის დამზადების, გასაღების და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეხუთე მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე დიმიტრი წ. დაბადებულია 1975 წელს, ხოლო ზვიად წ. დაბადებულია 1966 წელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები