კორონავირუსი და ეკონომიკა – ვინ რამდენს დახარჯავს მის გადასარჩენად და კრიზისის დასაძლევად

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანლის, ქრისტინა გეორგიევას განცხადებით, მსოფლიოში ახალი ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. იმავეს აცხადებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანჯელა გურრია. მისი თქმით, კრიზისი იმაზე დიდი და მასშტაბური იქნება, ვიდრე ეს 2008 წელს იყო.

აშშ

მოსალოდნელი ეკონომიკური შოკის დასაძლევად სამზადისი უკვე დაწყებულია. 27 მარტს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის გასანეიტრალებლად 2.2-ტრილიონიანი დოლარის დახარჯვას ითვალისწინებს.

აღნიშნული თანხიდან 17 მილიარდი საავიაციო, კოსმოსური და სამხედრო ტექნიკის მწარმოებლებს გადაეცემათ, 25 მილიარდს სამგზავრო გადაზიდვებით დაკავებული კომპანიები მიიღებენ, 4 მილიარდს – სატვირთო გადამზიდავები. 367 მილიარდი ერგებათ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. ყველა ამერიკელი, რომლის წლიური შემოსავალი 75 ათას დოლარზე ნაკლებია, შემწეობის სახით ყოველთვიურად 1200 დოლარს მიიღებს. 13 კვირის განმავლობაში ყოველთვიურად 600 დოლარს მიიღებენ უსახლკაროები. ყოველ ბავშვზე, ერთჯერადად, 500-დოლარიანი შემწეობები გაცემა ოჯახებზე, სადაც 2 და მეტი ადამიანი ცხოვრობს.

გერმანია

750 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავს გერმანია. შესაბამისი გადაწყვეტილება ბუნდესტაგმა მიმდინარე წლის 25 მარტს მიიღო. აღნიშნული თანხიდან 50 მილიარდი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად დაიხარჯება. იმ კომპანიების თანამშრომლებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო მუშაობა შეაჩერეს, სხალმწიფო ხელფასის 60 პროცენტს გადაუხდის. 67%-ით აუნაზღაურდებათ ხელფასი მათ, ვისაც თუნდაც ერთი ბავშვი ჰყავს. ეკონომიკის შემდგომი დაკრედიტების მიზნით, 100 მილიარდს მიიღებენ ბანკები.

დიდი ბრიტანეთი

ეკონომიკის სტიმულირებისათვის მშპ-ს 15 %-ის, დაახლოებით, 330 მილიარდი ფუნტი სტერლინგის დახარჯვას გეგმავს დიდი ბრიტანეთი. მცირე ბიზნესი 2.2 მილიარდს მიიღებს. 1 მილიარდს მიიღებენ სხვადასხვა ტიპის მოიჯარეები. ერთჯერადი, 25-ათასიანი სუბსიდირება იგეგმება მცირე ბარებისთვის, კლუბებისა და სხვა გასართობი ობიექტების მხარდასაჭერად. ტურისტული და სხვა გასართობი ბიზნესი ერთი წლით ქონებისა და მოგების გადასახადისგან განთავისუფლდება. იმ კერძო საწარმოების თანამშრომლებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო მუშაობა შეაჩერეს, ხელფასის 80 პროცენტს სახელმწიფო დაუფარავს.

საფრანგეთი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განკარგულებით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზის დასაძლევად 350 მილიარდი ევრო დაიხარჯება. ამ თანხიდან 300 მილიარდს კრედიტების სახით მცირე და საშუალო საწარმოები მიიღებენ.45 მილიარდი დაიხარჯება მათ კომპენსაციებზე, ვინც სამსახურები დაკარგა. 3 მილიარდით სტარტაპები, ხოლო 2 მილიარდით მიკრო ბიზნესი დაფინანსდება.

იტალია

340 მილიარდი ევროს ჩადებას აპირებს იტალია ეკონომიკაში, ხოლო სოციალური პაკეტების სახით 500 ევროს ერთჯერადად გადაუხდის ყველა თვითდასაქმებულსა და დროებით “დაპაუზებული” ბიზნესის თანამშრომლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები