Heritage Foundation: რადგან საქართველოს რეგიონები დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ნატომ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოს ალიანსში საქართველოს მისაღებად

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატოს წევრი, იგი წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს“ – ნათქვამია “Heritage Foundation”-ის მკვლევრის ალექსის მრაჩეკის სტატიაში “5 მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველო არის ნატოს დაფასებული პარტნიორი და აშშ-მ საქართველო ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე უნდა წაახალისოს.

ავტორის თქმით, რადგან საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალი (სამხრეთ ოსეთი), დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ნატომ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოს ალიანსში საქართველოს მისაღებად.

“2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დაიდო პირობა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. მოგვიანებით იმავე წელს რუსეთის ჯარები შეიჭრნენ საქართველოში. რუსეთი დღესაც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების: აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) ოკუპაციას. საქართველო დღესაც არ არის ნატოს წევრი, რის გამოც იგი კიდევ უფრო დაუცველია რუსული აგრესიის და ოკუპაციის წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატოს წევრი, იგი წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს. 2008 წლის სექტემბერში დაარსებული ნატო-საქართველოს კომისია არის
“პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმი, რომელიც ზედამხედველობს ნატო-საქართველოს პრაქტიკულ თანამშრომლობას“.

გარდა ამისა, ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველო ნატოს წევრებს წარუდგენს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას რეფორმების სხვადასხვა ამოცანასთან დაკავშირებით რჩევის მისაღებად. გარდა ამისა, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით, რომლის მიზანიცაა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და დახმარება სამომავლო გაწევრებისთვის მომზადებაში.

რადგან საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალი (სამხრეთ ოსეთი), დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ნატომ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოს ალიანსში საქართველოს მისაღებად. ამისთვის კი ნატომ ცვლილებები უნდა შეიტანოს 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-6 მუხლში, რომელიც განმარტავს მე-5 მუხლის ძალით დაცული სპეციალური ტერიტორიების რაობას.

ამით მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაცვა დროებით მოეხსენება რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს და სრულიად საქართველო შევა ნატოში. სანამ რუსეთი ხელს არ აიღებს ოკუპირებული რეგიონების კონტროლზე, ნატოს უსაფრთხოების გარანტიები მიენიჭება მხოლოდ საქათველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს,“ – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები