პოლიტეკონომია რუსულად – რა კავშირშია ბაქო-თბილისი-ყარსი ტრანსციმბირულ მაგისტრალთან

2017 წლის 30 ოქტომბერს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტალმა ფუნქციონირება ოფიციალურად დაიწყო.

თურქეთში, საქართველოში და აზერბაიჯანში ამ პროექტს დიდი მოლოდინები უკავშირდება. ბაქო – თბილისი-ყარსი „აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთი მთავარ მდგენელად და აზიური ტვირთების ევროპაში გადამისამართების ყველაზე მოკლე და ხელსაყრელი სატრანზიტო არტერიად განიხილება.

არსებული გათვლებით მაგისტრალის გამტარუნარიანობა წელიწადში მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთია, ხოლო მომავალში მისი გამტარუნარიანობა შესაძლოა სამ მილიონ მგზავრამდე და 20 მილიონ ტონა ტვირთამდე გაიზარდოს.

ბაქო-თბილისი- ყარსს აქვს პოლიტიკური მდგენელიც. სპეციალისტების შეფასებით, მაგისტრალმა რეგიონში უსაფრთხოება,თანამშრომლობა და სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს. გასაკვირია, თუმცა ფაქტია რომ ამ შეფასებას გარკვეულწილად რუსეთშიც იზიარებენ.

„არაფერი ისეთი ძალით არ აახლოებს ქვეყნებს, როგორც სახმელეთო სავაჭრო გზები“, – ეს სიტყვები რუსეთში პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის ანალიტიკოსს ივან პიატიბრატოვს ეკუთვნის. როგორც რუსი ანალიტიკოსი აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში აცხადებს, იმის გამო რომ ბაქო – თბილისი-ყარსის სახით ტრანციმბირულ მაგისტრალს ალტერნატივა გამოუჩნდა რუსეთში ის ერთ-ერთ მთავარ ანტირუსულ პროექტად განიხილებოდა. პიატობრატოვის შეფასებით, ამჟამად ამ მიდგომებმა ტრანსფორმაცია განიცადა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ახლო აღმოსავლეთში და კავკასიაში რუსეთის გავლენის ზრდის ერთ-ერთ საშუალებათაც განიხილება.
პიატიბრატოვის განმარტებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება,თუ ბაქო-თბილისი-ყარსი ტრანსციმბირულ მაგისტრალს დაუკავშირდება და ამგვარი პერსპექტივა უკვე ჩანს. როგორც რუსი ანალიტიკოსი აცხადებს, რუსეთი მზადაა ბთყ-ს რეკონსტრუქციაში თავისი წვლილი შეიტანოს, ამ მონაკვეთზე ფართოზოლიანი რკინიგზა გამართოს და ტრანსციმბირული მაგისტრალიდან ტვირთების გარკვეული ნაწილიც გადმოამისამართოს. როგორც პიატობრატოვი აცხადებს, ამ შემთხვევაში გაიზრდება ტვირთების რაოდენობა ბთყ-ზე და შესაბამისად მისი რენტაბელურობაც.

ტრანსციმბირულ მაგისტრალთან მიერთებით ბაქო-თბილისი-ყარსზე ტვირთების გაზრდის პერსპექტივას რკინიგზის სპეციალისტი დავით გოჩავაც ადასტურებს,თუმცა ამ მიმართულებით რუსეთის გააქტიურებას ის ეჭვის თვალით უყურებს. გოჩავას განმარტებით, რუსეთს ბაქო-თბილისი -ყარსის რკინიგზაზე არსებული მოცემულობის შეცვლა სურს.
„დღეს მატარებელმა, რომელიც რუსეთიდან ან შუა აზიის ნებისმიერი ქვეყნიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მოხვდება საქართველოში, გადამუშავება უნდა გაიროს ახალქალაქის რკინიგზის სადგურში: ტვირთი ევროპული სიგანის ვაგონებში უნდა გადაიტვირთოს. რუსეთს კი სურს ეს ფუნქცია ახალქალაქს აართვას და ამ სადგურიდან ფართოლიანდიანი რკინიგზა ჩაიყვანოს ყარსში, რათა მატარებელი ახალქალაქში არ გაჩერდეს და პირდაპირ თურქეთში შევიდეს! ანუ, რუსეთი ცდილობს საქართველოს სარკინიგზო სისტემას წაართვას ის ფუნქცია, რაც მას აქვს ახალქალაქის რკინიგზის სადგურში: ორი სისტემის – ევროპული და აზიურის – შეპირაპირების უზრუნველყოფა“, – აცხადებს გოჩავა.

გოჩავას შეფასებით, რუსეთი ამ შემთხვევაში ორმაგი სარგებლის მიღებას ცდილობს, კერძოდ დაამყაროს გარკვეული კონტროლი ბაქო-თბილისი -ყარზე და იმავე ბთყ-ს მეშვეობით განტვირთოს ტრანსციმბირული მაგისტრალი,რომელსაც გაზრდილი ტვირთნაკადის გამო ევროპაში ტვირთების დროულად მიწოდების პრობლემა უდგას.

„ტრანსციმბირის მაგისტრალს პრობლემები აქვს ევროპის კავშირში შესასვლელ პუნქტებში, მაგალითად, ტვირთების უდიდესი ნაწილი გადის პოლონეთის საზღვარს მალაშევიჩეს გამშვებ პუნქტში, რომლის გატარების უნარი შეზღუდულია; შეზღუდულია აგრეთვე თვით პოლონეთის სარკინიგზო სისტემის გატარების უნარი. ამიტომ, რუსეთი დაინტერესებულია ტვირთნაკადების სხვა მიმართულებების მოძიებით“, – აცხადებს გოჩავა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მეშვეობით რუსული ტვირთების ტრანსპორტირება უკვე შემდგარი ფაქტია. არსებული ინფორმაციით, გასულ წელს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილმა კომპანია ADY Express-მა ქართულ GR Logistics and Terminals-თან ერთად მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატიდან 36 ვაგონით 2232 ტონა ფოლადის ფურცლის ტრანსპორტირება განახორციელა.სატვირთო მატარებელმა რუსეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიაზე 17 დღის განმავლობაში 5 ათასზე მეტი კილომეტრი დაფარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები