„ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის აღვირახსნილი ურთიერთგარიგებების პროცესი კვლავ მიმდინარეობს”- „რესპუბლიკელები“კონკორდატის გაუქმების ინიციატივით გამოდიან
„რესპუბლიკური პარტია“ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
„რესპუბლიკური პარტია“ დიდი ხანია გამოთქვამს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში, სადაც სეკულარიზმი კონსტიტუციით გარანტირებულია, ფაქტობრივად სეკულარიზმი არ არსებობს.
ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთგარიგებებზე დაფუძნებულმა კავშირმა ძალიან საშიში ტენდენცია მიიღო, არაერთხელ გაგვისვამს ხაზი, რომ საპატრიარქოს ბიუჯეტიდან დაფინანსება უნდა შეწყდეს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის ურთიერთობა იღებდა ძალიან მახინჯ ფორმებს.
1995 წლის კონსტიტუციის მიღების დროს ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ შეემუშავებინათ კონკორდატი – სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის ხელშეკრულება, რომელმაც მაშინ სიტუაცია დააბალანსა, მაგრამ დღესდღეობით ამან თავისი თავი ამოწურა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ იმისთვის, რომ ეს მახინჯი პრაქტიკა შეწყდეს, ეს კონკორდატი უნდა გაუქმდეს.
პირველ რიგში, ეს აღკვეთს იმას, რომ საპატრიარქო პირდაპირ ერევა პოლიტიკაში, ხოლო პოლიტიკური ძალები და სახელმწიფო საპატრიარქოს ავტორიტეტს იყენებენ, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ამისთვის კი ისინი იხდიან ხარკს – ეს არის ბიუჯეტიდან დაფინანსება და ის ქონება, რაც დასაბუთების გარეშე, საპატრიარქოს გადაეცემა”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
თამარ კორძაიას განცხადებით, კონკორდატის გაუქმება არის პოლიტიკური განაცხადი, რითაც ითქმება, რომ ეკლესია დამოუკიდებელი უნდა იყოს.
„წლის ბოლოა და 2020 წლის ბიუჯეტები განიხილება. თბილისის მთავრობა აპირებს მილიონ შვიდასი ათასი ლარი გადასცეს ეკლესიას. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ იმ სკანდალების ფონზე, რაც საქართველოს საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის ხდებოდა, ფარული მოლაპარაკებების ფონზე, თბილისის ხელისუფლებამ 8 ნოემბერს საპატრიარქოს ათას ხუთასი კვადრატული მეტრი მიწა გადასცა ვარკეთილში. 13 აგვისტოს კი ვაკეში რვაას სამოცდაორი კვადრატული უძრავი ქონება გადასცა. წინა დღეებში მოძრავი ქონება – მერსედესის ავტომანქანა.
ეს აღვირახსნილი ურთიერთგარიგებების პროცესი ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის კადრს მიღმა კვლავ მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ 2020 წლის არჩევნები მოდის, ვიცით როგორ შეიძლება ხელისუფლებამ იძალადოს საპატრიარქოზე და მერე საპატრიარქომ ამით გარკვეული დივიდენტები მიიღოს. კონკორდატის გაუქმება ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რომლითაც ჩვენ ვიტყვით, რომ ეკლესია დამოუკიდებელი უნდა იყოს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თამუნა შეყილაძე