საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის არადეკლარირებული ნაკეთობების შემოტანის სამი ფაქტი გამოვლინდა(ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით ცდილობდნენ, საქართველოში მალულად შემოეტანათ არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის – ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.
მათივე ცნობით, ორ შემთხვევაში ბრალდებულები მათი მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სამალავებით შეეცადნენ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანას, ხოლო ერთ შემთხვევაში ბრალდებული ცდილობდა, მალულად შემოეტანა ძვირფასეულობა ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამურად, 5 729 გრამი ვერცხლისა და 669 გრამი ოქროს ნაკეთობანია ამოღებული, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 62 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები