სალომე ზურაბიშვილმა აქციის ღამეს გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის მედიკოსები დააჯილდოვა (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა.
სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლები გადასცა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსსა და ექიმებს, რომლებმაც 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაშავებულ ადამიანებს გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარეს.
ღირსების მედლები გადაეცათ „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგ-ოფთალმოლოგ რევაზ ომიაძეს, „ნიუ ჰოსპიტალის“ ქირურგ-ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილეს სოლომონ როსტომაშვილს.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე დაესწრო. მან დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სახელით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მთელ გუნდს მადლობის სიგელი გადასცა. ცენტრის 235 თანამშრომელს ფულადი ჯილდოებიც გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები