საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე  ერთი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი პირების სახელზე, სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, საქართველოს მასშტაბით დაარეგისტრირა 10-ზე მეტი საწარმო, რომელთა საშუალებითაც ახორციელებდა ჯართის ფიქტიურ შესყიდვებსა და გაწერებს, რა დროსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდებოდა დამატებული ღირებულების გადასახადის უკანონო ჩათვლების მიღება, რომლითაც შემდგომში იფარებოდა ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებები.
გამოძიების ამ ეტაპისათვის დადგენილია, რომ უკანონოდ ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობა 1 200 000 ლარს აღემატება. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები