თეა წულუკიანის ინიციატივით, გლდანის საპყრობილეში პატიმრების დასაქმების პროექტი ამოქმედდა (ვიდეო)

N8 პენიტენციური დაწესებულების ეზოში მსჯავრდებულებმა სპეციალურად მათთვის დამუშავებულ მიწის ნაკვეთზე ჟოლოს პირველი ნერგები (სამი სახეობის ჟოლოს 2210 ნერგი) დარგეს და ლობიო (წითელი და თეთრი) დათესეს.
ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, საფრანგეთ – საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ანტუან ლორენ ბარდონი, ასევე ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სსიპ “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის”, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის” წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც გლდანის საპატიმროს მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდნენ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიაციატივითა და საფრანგეთ – საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით შემუშავდა. პროექტი დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის, უვადო სრულწლოვანი პატიმრების, დასაქმებას ისახავს მიზნად.
ამისათვის, სსიპ “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის” რჩევითა და დახმარებით დაწესებულების ერთ-ერთ ეზოში დამუშავდა 3 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც პატიმრები ქართული ჯიშის ჟოლოს, ფრანგული ჯიშის ნესვს, ლობიოს, სალათის ფურცლებს, არტიშოკს, პომიდორს და მარწყვს მოიყვანენ.
„ხილისა და ბოსტნეულის სახეობები ისე შეირჩა, რომ მოყვანილი მოსავლის რეალიზაციაში პატიმრებისთვის დახმარების აღმოჩენა საფრანგეთ – საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატამ შეძლოს ბაზარზე მოთხოვნიდან გამომდინარე, რათა რეალიზაციიდან მიღებული თანხა პატიმრებისთვის შემოსავლის წყაროდ იქცეს. გარდა იმისა, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე პატიმრების დასაქმება, არაერთი მიზეზის გამო, მნიშვნელოვანი საკითხია, მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო თერაპიაა სტრესის მართვის, ასევე, ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის და პატიმართა რეაბილიტაცია – რესოციალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა“,- აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
მათივე ცნობით, მიწის დამუშავების პროცესი 8 და 9 მაისს მიმდინარეობდა და მასში N8 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებიც იყვნენ ჩართულნი. ზოგიერთი მათგანი უვადო პატიმარია. ისინი, პროექტის დაწყებამდეც, დაწესებულების დირექტორის ინიციატივით, მცირე ზომის ბოსტანს დაწესებულების ეზოში თავისი ხელით უვლიდნენ. მათი თქმით, სუფთა ჰაერზე მუშაობის შედეგად ანტიდეპრესანტებისა და წნევის მარეგულირებელი მედიკამენტების მიღება შეწყვიტეს, თავს გრძნობენ უფრო მხნედ და იმედიანადაც არიან განწყობილნი.
„ახალი, მასშტაბური პროექტი კი არა მხოლოდ მათში, არამედ სხვა მსჯავრდებულებშიც დიდ ინტერესს იწვევს.პროექტის მხარდამჭერები არიან საფრანგეთ – საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სსიპ “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი”, შპს “სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია”, ფონდი “სალვე” და ორგანიზაცია “რეფორმერი”“,- ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები