შინაგან საქმეთა სამინისტრო, სისტემური განახლების ფარგლებში, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას აგრძელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი გამეზარდაშვილმა ქობულეთის განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი დაათვალიერეს.
ქობულეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. საგრძნობლად გაუმჯობესდა იზოლატორის საკნებში არსებული პირობები, სადაც უზრუნველყოფილია სათანადო განათება, ვენტილაცია და გათბობა. შენობისა და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში გათვალისწინებული იქნა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტისა და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები. იზოლატორი აღიჭურვა ახალი ვიდეომეთვალყურეობის სისტემით, შესაბამისად, სრულად აღმოიფხვრა ვიდეომონიტორინგის განხორციელებასთან და ჩანაწერების შენახვასთან დაკავშირებით მანამდე არსებული ხარვეზები. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, იზოლატორში სამედიცინო ოთახიც მოეწყო. სამედიცინო პუნქტმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო და იზოლატორში მოთავსებულ პირებს სამედიცინო მომსახურებას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების ნაცვლად, ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი გაუწევს.
ნათია მეზვრიშვილმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ გუშინ გამოქვეყნებული დადებითი ანგარიში თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ანგარიშში ნათქვამია, რომ შემოწმების პერიოდში, პოლიციის, მათ შორის დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა მხრიდან, არასათანადო მოპყრობის ფაქტები არ გამოვლენილა.