შსს-მ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი დანაშაულის ჩადენიდან 24 საათში გახსნა – დაკავებულია 3 პირი (ვიდეო)

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 19 აპრილს, დილის საათებში, სამი შეიარაღებული, ნიღბიანი პირი თავს დაესხა ,,ლიბერთი ბანკის” ვარკეთილის ფილიალს, იარაღის მუქარით გაიტაცა თანხა – 2030 ლარამდე და მიიმალა. მისივე განმარტებით, ყაჩაღებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს ბანკში მყოფ ორ მოქალაქეს, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კახა საბანაძის ინფორმაციით, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც დეტალურად აღწერეს დანაშაულის მზადებისა და შემდგომი განვითარების პროცესი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებითა და სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისისა და იმერეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთობლივად დაკავებულ იქნა 2000 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჯანიაშვილი, 1998 წელს დაბადებული გურამ ხვადაგიანი და 1998 წელს დაბადებული ამირან ლაკვახელიანი. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია.

პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პოლიცია აქტიურად მუშაობს დანაშაულის პრევენციისა და მომხდარი კრიმინალური შემთხვევების უმოკლეს ვადაში გამოძიებაზე. უმეტეს შემთხვევაში, დანაშაულის გამოძიება და დამნაშავე პირთა დაკავება ხდება დროის მოკლე პერიოდში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა კრიმინალურ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იქნება მყისიერი და ეფექტური, რაც გარდაუვალს გახდის თითოეული დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემის საკითხს”, -განაცხადა კახა სანებლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები