სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებმა V საარტილერიო ბრიგადაში სამხედროების საცხოვრებელი პირობები მოინახულეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ სამედიცინო პუნქტი, ყაზარმები, სასადილო და ყველა ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები მსახურობენ.
V საარტილერიო ბრიგადაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს 90-მდე სამხედრო გადის. თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, ექვს თვეში ერთხელ, ღია კარის დღეების ფარგლებში, ადგილზე გაეცნონ კვების, საყოფაცხოვრებო და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა სპეციალურად გამოფენილი ტექნიკა, აღჭურვილობა და შეიარაღებაც დაათვალიერეს.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უწყებაში სავალდებულო სამხედრო სამსახური, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შედეგად, განახლებული ფორმით ფუნქციონირებს. ახალი სისტემით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, საკონტრაქტო მოსამსახურეების ანალოგიურად, 10-კვირიან სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს გადიან. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტითა და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობით სარგებლობენ. გაიზარდა წვევამდელთა ყოველთვიური ანაზღაურებაც.