პოლიციამ ზესტაფონში “ქურდული სამყაროს” აქტიური წევრი, კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, კრიმინალური ავტორიტეტი და “ქურდული სამყაროს” აქტიური წევრი, წარსულში ნასამართლევი, 1983 წელს დაბადებული ჩ. ქ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზესტაფონში დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, დანაშაული თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩ.ქ. ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს, თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, “ქურდული გარჩევის” გზით, “კანონიერი ქურდების” სასარგებლოდ, ბიზნესსაქმიანობიდან გარკვეული წილის დათმობას აიძულებდა.

პოლიციამ, დაკავებული ჩ.ქ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, “ტტ”-ს მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

გამოძიება “ქურდული სამყაროს” წევრობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები