საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დამზადდა უკრაინის რესპუბლიკის ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა, რომელიც, შემდგომში, მოქალაქეზე გაასაღეს 600 აშშ დოლარის საფასურად. გატარებული ღონისძიებების შედეგად, დამატებით ამოიღეს ავტომანქანის მართვის 6 ცალი ყალბი მოწმობა. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.