ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით, დაკავებულს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება (ვიდეო)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში რეგისტრირებული შპს-ის ხელმძღვანელი საგადასახადო დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე დააკავა. აღნიშნული ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე ვრცელდება.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა, ერთ-ერთ კომპანიას 200 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა მიაწოდა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც, სასჯელის სახით, თავისუფლების 2-დან 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები