საგამოძიებო სამსახურმა 240 000 ლარის ღირებულების ოქროსა და ვერცხლის კონტრაბანდის სამი ფაქტი გამოავლინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით ცდილობდნენ, საქართველოში მალულად შემოეტანათ არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის – ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 22 კგ-ზე მეტი ვერცხლისა და 2,5 კგ ოქროს ნაკეთობა, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 240 000 ლარს აღემატება”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.