ბრალდებული, რომელიც თანხის სანაცვლოდ მოქალაქეს შსს-ში მუშაობის დაწყებას დაპირდა, დაკავებულია (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითური განზრახვით, დაუკავშირდა ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნა იგი, რომ 3 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ შეძლებდა მის დასაქმებას საჯარო სამსახურში, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი 2 000 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება“,- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები