საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შიდა ქართლის რეგიონში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით, ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები გაასაღეს. ყალბი დოკუმენტების თანახმად, ერთ-ერთ კომპანიას ვითომდა მიაწოდეს 52 500 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს.