რა ვითარებაში მოხდა აფეთქება ფოთში, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა (ვიდეო)

ფოთში, გამთენიისას მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც მამაკაცი ემსხვერპლა, ადგილობრივები ჰყვებიან, რომ აფეთქებამდე, ახალგაზრდებმა ახლოს მდებარე მარკეტში ალკოჰოლური სასმელები შეიძინეს. ოდნავ მოგვიანებით კი, აფეთქების ხმა გაისმა.
“კურიერი“ იმ კადრებს ავრცელებს, რომელიც დღეს დილით ფოთში მომხდარ აფეთქებას ასახავს.
„მაღაზიაში რაღაცები შეიძინეს, გამოვიდნენ, სვამდნენ, დაახლოებით 2-3 საათი, მაგრამ არ ხმაურობდნენ. მერე, უცბად, გასროლის ხმად გაისმა და მაღაზიის კარი დაიფშვნა“, – აცხადებს მარკეტის თანამშრომელი.
გარდაცვლილი მამაკაცი 42 წლის იყო, მისი ოჯახი აფხაზეთიდანაა დევნილი და ამჟამად ფოთში ცხოვრობენ. მამაკაცის მეზობლებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ საიდან შეიძლება ჰქონოდა გარდაცვლილს ასაფეთქებელი მოწყობილობა.
„ძალიან კარგი ბიჭი იყო, დედ-მამასთან ერთად ცხოვრობდა, არავის არაფერს უშავებდა“, -აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.
ფოთში, ნაბადას უბანში, გამთენიისას მომხდარ ძლიერ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა. დაშავებულები სხეულის დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები