რეკრუტების საწყისი საბრძოლო მომზადების მორიგი ეტაპი დაიწყო (ვიდეო)

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა პროგრამა – საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის მეორე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს 200-მდე მოქალაქე ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე 10 კვირის განმავლობაში, საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლის. კურსის მონაწილეებს მეცადინეობები სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში ჩაუტარდებათ. საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, რეკრუტები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხებიან და ქართულ ჯარში გააგრძელებენ მსახურს.
„საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის მიზანი ჯარისკაცების პროფესიული სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისთვის მომზადებაა. რეკრუტები საწვრთნელ ბაზაზე კურსის განმავლობაში, ყაზარმული რეჟიმით იცხოვრებენ. 5 კვირის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე ღია კარის დღე ჩატარადება, სადაც ოჯახის წევრებს და ახლობლებს რეკრუტების მონახულება შეეძლებათ და მათ სამხედრო მომზადებას გაეცნობიან. საქართველოს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვამდე მსურველებმა ფიზიკური, ფსიქოლოგიური ტესტები ჩაიტარეს და სამედიცინო შემოწმება გაიარეს“,- აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა კვლავ გრძელდება და საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი წლის ბოლომდე ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები